logo
ENG



ხოშტარიამ "პატრიოტების" კრემლისგან დაფინანსების გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

25 აგვ 202013:48
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ პროკურატურას პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. 

ხოშტარიას მოთხოვნა ცენტრ "დოსიეს" მიერ გამოქვეყნებულ მასალებს ეყრდნობა, რომლის მიხედვით, პატრიოტთა ალიანსს წინასაარჩევნოდ კრემლი აფინანსებს. 

"ყველაფერი, რაც ამ ანგარიშში წერია, მათ შორის, დოკუმენტაცია ფინანსური კავშირების შესახებ, რაც თავისთავად სისხლის სამართლის დანაშაულია - უცხო ქვეყნიდან ფინანსური რესურსის მიღება.

მეორე, იქ არის ლაპარაკი მათი მხრიდან კამპანიის მართვაზე, ინსტრუქციებს იღებდნენ, პირდაპირ ციტატებია მოყვანილი. ესეც სისხლის სამართლის დანაშაულია. ასევე, გაგზავნილია აქედან 15 ადამიანის დოსიე, ესეც სისხლის სამართლის დანაშაულია. პროკურატურამ ამ ფაქტზე დაყრდნობით უნდა დაადგინოს, თუ რა დანაშაულებთან გვაქვს საქმე", - ამბობს ხოშტარია. 

ხოშტარიას თქმით, ანგარიშში მოყვანილი ფაქტები პირდაპირ მიუთითებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში კრემლის ჩარევაზე, რაც დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. 

ცენტრმა "დოსიემ" 24 აგვისტოს მასალები გამოაქვეყნა. ამ მასალების მიხედვით, კრემლი პატრიოტთა ალიანსს 2020 წლის არჩევნებისთვის ფინანსურად ეხმარება და წინასაარჩევნო კამპანიის შინაარსთან დაკავშირებით ინსტრუქციებს აძლევს. 

პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა უარყო საგამოძიებო სტატიის ბრალდებები და განაცხადა, რომ მისი პარტია მრავალ საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობს, მათ შორის, ორ ამერიკულ, ორ ებრაულ და ერთ რუსულ კომპანიასთან. 


close დახურვა